ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მომავალშიც მოიმატებს და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მომსწრე გავხდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია
„საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განუცხადა, რომელიც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის მიტანა, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის
დეპუტატის თქმით, ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ მენეჯმენტს აქვს აღებული, აბსოლუტურად ემსგავსება „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას და ამას საზოგადოება აფასებს.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, ყოველ დღე უამრავი ადამიანი გვიერთდება. დავიწყეთ, რეგიონული ოფისების გახსნა. გუშინ აჭარაში გავხსენით. იგეგმება სხვა რეგიონებშიც. საზოგადოებას ვესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე. გვესმის, რომ ამ ფონზე მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, როგორმე ზიანი მოგვაყენოს. საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამ საკითხებზე შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე, რადგან თავად უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ეს გუშინ ინტერვიუს დროს მოვისმინეთ. შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. „ქართულ ოცნებაში“ იმ ადამიანებს ვუთანაგრძნობ, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და ამ ყველაფრის მოთმენა, გაგებით მოკიდება უწევთ. პირველივე დღეს ვთქვით, რომ ჩვენ მიმართ მსგავსი არაჯანსაღი დამოკიდებულება და შეთქმულების თეორიების გახმოვანება გაგრძელდებოდა, დაიწყებოდა კიდევ უფრო ახალი თეორიების მოგონება. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კიდეც, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებია. შესაბამისად, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალშიც ველოდებით, მაგრამ ამ ყველაფერს საქმით ვუპასუხებთ“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.