24-27 ივნისს, მწერალთა სახლი, ბერლინის ლიტერატურის სახლ Lettrétage-სთან თანამშრომლობითა და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ხელშეწყობით, გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის, ონლაინ ლიტერატურული ფესტივალს, "საქართველოს პირველი რესპუბლიკა - 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება", ჩაატარებს.
ფესტივალი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში მიმდინარე ლიტერატურულ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან, 100 და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან, 30 წლისთავს. სტალინური რეპრესიების მემკვიდრეობა, საბჭოთა ეპოქა, ცენზურა, ბოლო 30 წლის კულტურული პროცესები, ორსაუკუნოვანი ქართულ-გერმანული ურთიერთობები, სოციალიზმი ლიტერატურასა და პოლიტიკაში, ქართული ავანგარდი და გერმანიაში გამოცემული ახალი თარგმანები - ფესტივალის დისკუსიების მთავარი თემა იქნება.
პროგრამაში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი მწერლები, გამომცემლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები და შეფმზარეულები.
მწერალთა სახლი ამ ფესტივალით, ასევე, პატივს მიაგებს და გაიხსენებს ბოლო დროს გარდაცვლილ გივი მარგველაშვილს, გურამ დოჩანაშვილსa და ზურაბ რთველიაშვილს. ონლაინფესტივალის ფარგლებში, გერმანულენოვანი მკითხველისთვის, ოცი ღონისძიება გაიმართება, რომელთა მონაწილეებიც არიან: აკა მორჩილაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, აბო იაშაღაშვილი, სალომე ბენიძე, ნაირა გელაშვილი. ასევე, გერმანიაში მოღვაწე მსახიობი მერაბ ნინიძე და მუსიკოსი გიორგი კიკნაძე.
ქართველ მონაწილეებს მოდერაციას გაუწევენ წამყვანი გერმანული მედია-გამოცემების ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი (FAZ), დორის აკრაპი (taz), კორნელია ცეჩე (Beyerischer Rundfunk) და ა.შ. პროგრამის სპეციალური სტუმარია ცნობილი გერმანელი მსახიობი, ულრიხ ნოეთენი.
ფესტივალი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1918-1921 - ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“, მიმდინარე წლის თებერვალში, მწერალთა სახლისა და British Library-ს მიერ ჩატარებულ ფესტივალ Georgia’s Fantastic Tavern-ის ერთგვარი გაგრძელებაა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: კონრად ადენაუერის ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ღონისძიებების ცოცხალი ტრანსლაცია განხორციელდება Lettrétage-ის ონლაინ პლატფორმებზე.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.