20-24 ნოემბერს „გრატო პასაჟში", თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებები გაიმართება. „რესიდონ ბლუ ივერიაში" კი მოეწყობა შოურუმები და აქსესუარების გამოფენა, სადაც მოსაწვევის გარეშე იქნება დაშვება.
„როგორც გახსოვთ მაისში ჩატარებული მოდის კვირეული თავიდან ბოლომდე აკადემიურ ხასიათს ატარებდა, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი იყო სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია", რამაც ღონისძიებას გარკვეული შარმი შესძინა. ამჯერად ვფიქრობთ, სიახლე შემოვიტანოთ და თბილისის მოდის კვირეულის ძირითადი ჩვენებები ჩავატაროთ ცოტა უჩვეულო გარემოში, რაც იმედი გვაქვს საინტეერსო იქნება საზოგადოებისთვის"- აცხადებს მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ ყუბუსიძე.
თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხული-ზაფხული 2011 წლის ჩვენებებში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ქართველი დიზაინერები: თამუნა ინგოროყვა, ატელიე 10 ა, ნინო ჩუბინიშვილი, სიმონ მაჩაბელი, სალონი „მატერია", სალონი „ატარე", მანანა ანთელიძე, ნინო აბესაძე, გიორგი შაღაშვილი, დათუნა სულიკაშვილი და ჯიჯი რეჯინი, მარიკა კენჭაძე, ბიჭოლა, გოლა ზუმბულიძე, ანა ჩანგიანი და თამრიკო ნადირაძე, გვანცა ჯანაშია, სალომე ამანათიშვილი, ლიკა ალადაშვილი და ნინო კაჭარავა.
კვირეულში ასევე, მონაწილეობას მიიღებს 20 დამწყები ქართველი დიზაინერი და აქსესუარების დიზაინერები, რომელთაც პირველი თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ საკმაოდ გაითქვეს სახელი.
ახალბედა დიზაინერებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევერბიც არიან მოდის სფეროს პროფესიონალები. ამ ღონისძიებაში აქტიურად გვიჭერს მხარს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და კერძოდ დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულება.
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენები, შოურუმები, და მასტერკლასები.
„თბილისის მოდის კვირეული შედგა. ამის განცხადების საშუალებას მაძლევს ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს პირველი მოდის კვირეულის შემდეგ. მოხარული ვარ, რომ დაინტერესება დიზაინერების მხრიდანაც საკმაოდ დიდია. ველოდებით უცხოელ სტუმრებს, მოდის კრიტიკოსებს. იმედი მაქვს, რომ საინტერესო ჩვენენბებს და გარემოს შევთავაზებთ საზოგადოებას და თბილისის მოდის კვირეული ამჯერადაც დიდ მოწონებას დაიმსახურებს"- აცხადებს კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თაკო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ ბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორია კომპანია „ჯეოფეშენი". ღონისძიების პარტნიორები არიან: კომპანია „ჯორჯიან ივენთსი", სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსი", სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია" (ოფიციალური მასპინძელი), ჟურნალი „ამარტა", კომპანია „ბრენდინგ.ჯი", საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორები".