ხელბურთში საქართველოს ჩემპიონი "თბილისი" ევროპის ფედერაციის თასის მეორე ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. ქართველმა ხელბურთელებმა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს და სექტემბერში კვიპროსის "პაფოსი" 33:30 და 32:25 დაამარცხეს. მეორე ეტაპზე "თბილისი" პორტუგალიის "ბენფიკას" 17 და 18 ოქტომბერს ლისაბონში დაუპირისპირდება.
პირველი ეტაპის ორივე მატჩი კვიპროსზე გაიმართა. კიპრი ხელბურთის გრანდთა მარაქაში ნამდვილად არ არის, მაგრამ "თბილისის" გამარჯვება მაინც სასიხარულოა. ჯერ ერთი ჩვენებმა ორივე მატჩი სტუმრად ითამაშეს, მეორეც, იქაური ქომაგის თავგადაკლული გულშემატკივრობის ამბავი საყოვლთაოდ ცნობილია. ამიტომ კუნძულზე თამაში გვარიანად რთული საქმეა.
"თბილისს" მეორე წრეში გაცილებით სერიოზული მეტოქე ელის. ქართველები "ბენფიკას" ორივეჯერ პორტუგალიაში გაეჯიბრებიან და ცხადია, უდიდეს გამოცდილებასაც შეიძენენ. მატჩები 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. ქართველი ხელბურთელები პორტუგალიას 15 ოქტომბერს მიაშურებენ, მანმადე კი "სკას" დარბაზში ინტენსიურად ემზადებიან.
გუნდის მწვრთნელის მამუკა მჟავანაძის განკარგულებაში ეს მოთამაშეები არიან
მეკარეები: კორნელი ანდრიაძე, ალექსანდრე გონჩაროვი
მოედნის მოთამაშეები: ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი, გიორგი წივწივაძე, ვანო ქარდავა, უჩა მაისურაძე, ომარ ქუთათელაძე, ოთარ ამირანაშვილი, გიორგი იობაშვილი, აკაკი ყაველაშვილი, გიორგი სამარღანიშვილი, ირაკლი თევზაძე, ალექსანდრე ლობჟანიძე, შალვა თოდაძე.
ამათგან ყველაზე გამოცდილი ტიტე კალანდაძეა, რომელსაც ევროპაში თამაშის რამდენიმე წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.