ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი და ლამაზი მისი მხრიდან, - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ "იმედის" ეთერში გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, გადადგომის გადაწყვეტილება პირადად გახარიასთვის იყო დამაზიანებელი და ამას საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვება.
"მისი გადაწყვეტილება მე არ მოვუწონე. პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი და ლამაზი მისი მხრიდან. როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველი პირი, ერთ-ერთი ლიდერი გუნდში, ასეთ რთულ ვითარებაში, თან როდესაც ყველას ერთი მოსაზრება გვქონდა და მოსაზრება იყო მარტივი - სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და კანონი უნდა კანონობდეს, მორჩა, არ აქვს მნიშვნელობა შენ თანამდებობა გაქვს, რაღაცას წარმოადგენ, თუ დანაშაულს ჩადიხარ, შესაბამისად კანონმა უნდა იმოქმედოს.
ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში დამაზიანებელი იყო მისთვის. საქართველოა, საქართველოში ვცხოვრობთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი შეფასებები მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში აისახება მასზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც", - თქვა მან.