ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში, კორნუელის საგრაფოში "დიდი შვიდეულის" სამიტი დასრულდა.
სამიტის დასრულების შემდეგ, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი კომუნიკე, სადაც შეჯამებულია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები და პირობები.
25-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდ დოზას დაბალშემოსავლიან ქვეყნებს გაუნაწილებენ.
გარდა ამისა, კომუნიკეში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და ნახშირბადის ემისიის შემცირება, 2.75 მილიარდი დოლარის გამოყოფა ბავშვებისთვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის და სხვა.
ასევე, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს მოუწოდეს, შეამციროს დაძაბულობა რეგიონში.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამსუბუქებლად და იმოქმედოს მის მიერვე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, გაიყვანოს რუსული სამხედრო შენაერთები და ტექნიკა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ყირიმის ნახევარკუნძულიდან.
მტკიცედ გვჯერა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთი არის მხარე და არა შუამავალი.
ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ნორმანდიის პროცესის მიმართ მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას უკრაინის დემოკრატიისა და ინსტიტუტების განმტკიცების მხარდასაჭერად", - ნათქვამია კომუნიკეში.