ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მსურვლეთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
აკადემიური საბჭოს დადგენილებით, რექტორის არჩევნები 2010 წლის 27 დეკემბერს ჩატარდება. კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
რექტორობის სურვილი, ჯერჯერობით, არც ერთ კანდიდატს არ გამოუთქვამს. არც ის არის ცნობილი, რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს თუ არა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი.
`უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, აუცილებლობას აღარ წარმოადგენს კანდიდატი თსუ-ის პროფესორი იყოს.
ცნობისთვის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ვადამდელი არჩევნები გიორგი ხუბუას გადადგომის შემდეგს დაინიშნა. აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ჯერ თსუ-ს პროფესორი ნუგზარ სურგულაძე აირჩია, შემდგომ კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.