საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის პროგრამები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამის შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
"ჩვენთვის მთავარია, ჯანდაცვა ჩვენი მოქალაქებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა ვერ ვხედავთ, რომ მთავრობა საპასუხო ნაბიჯებს დგამდეს. ასევე ვერ ვხედავთ, როგორ აპირებს მოსახლეობის უზრუნველყოფას. 60%-ისთვის რომელზედაც დღეს მთავრობა საუბრობს, დაზღვევა ხელმისაწვდომი არ არის", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, თუ რეფერალური პროგრამა უქმდება, ხოლო ასაკობრივი შეზღუდვები წესდება კარდიოქირურგიაზე, ონკოლოგიაზე, მაშინ გაუგებარია, რა ელოდებათ მოქლაქეებს, რომლებსაც დაზღვევაც არ აქვთ.
"ეს არის მთავარი კითხვა, რომელზედაც პასუხი დღეს ვერ მოვისმინეთ. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების გზით რაღაცას მაინც მოვახერხებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების მდომარობა ცოტათი მაინც უკეთესი გახდეს", - აღნიშნა ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული საბჭოს წევრების კითხვებს დღეს შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე პასუხობდა.