მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს, 3 ივნისს პროკურატურასთან მორიგი აქცია გაიმართოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე. ფეისბუქის გვერდზე ხოშტარია წერს, რომ პროკურატურისგან უნდა მოითხოვონ რეაგირება,
"ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ! დღეს, 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე", - წერს ხოშტარია.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე.
სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის ანგარიშში საუბარი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასჯის სასტიკ მეთოდებზე, რომელიც მტკიცებულებების სახით პირველ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა.
“ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია”,- წერია ანგარიშში.