შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მის უწყებაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგისთვის მზადაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"სხდომაზე კონკრეტული და მწვავე შეკითხვები დაისვა. შევეცადე, წარმომედგინა ჩვენი ხედვა ყველა იმ მიმართულებაზე, რაც დაკავშირებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. კომისიიის წევრები დაინტერესდნენ ინფრასტრუქტურული პროექტებით, ახალი ჰოსპიტლების მშენებლობის პრობლემებით. ასევე იმ კონკრეტული ხარჯებითა და მიმართულებებით, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება", - აღნიშნა ურუშაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ _ რა ძირითადი ამოცანები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს.
"დღევანდელი შეხვედრა დიალოგის კარგი დასაწყისია. მზად ვართ, დიალოგს რეგულარული ხასიათი მიეცეს. დარწმუნებული ვარ, როგორც თავმჯდომარემ, ასევე საბჭოს წევრებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ გვაქვს წარმოდგენილი ჯანდაცვის პრობლემების ადმინისტრირება 2011 წლისთვის", - აღნიშნა ურუშაძემ.