ქედაში ვაზის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი დაიწყო. მიმდინარე წელს, წინასწარი მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში ჩხავერის ყურძნის 40 ტონამდე აღებას ელოდებიან.
ჩხავერი საგვიანო ჯიშის ყურძენია. მწიფე ჩხავერი ნოემბრის შუა რიცხვებში 20-21% შაქრიანობით გამოირჩევა. ცქრიალა ღვინის დასამზადებლად ჩხავერის შაქრიანობა 17-18 % ფარგლებში მერყეობს.
ჩხავერის კრეფა დაიწყო ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს, ცხმორისისა და ზვარეს თემებში და გაგრძელდება დაბა ქედის, ოქტომბრის, მერისისა და პირველი მაისის თემებში.
აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში 82 ჰექტარს.
2005-2008 წლებში სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით აჭარის ფერმერებს მიეწოდათ 131 ათასი ძირი ჩხავერის, ცოლიკოურის, ალადასტურისა და ოჯალეშის ვაზის ნერგი. საერთო ფართობში გადაყვანით გაშენდა 52 ჰექტარი ვენახი. მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში 22 ჰექტარი.