გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმასთან დაკავშირებით, რატომ გადადგა თანამდებობიდან და დააფუძნა პოლიტიკურ მოძრაობა.
„გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, რვაწლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას, ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. არავინ უარყოფს ამას, თუნდაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენარ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც ვდგავარ მე დღეს აქ.
გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი. მე დღეს აქ ვდგავარ თქვენ წინაშე სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატების და რაც მთავარია, წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა ძალა, ვმდგარიყავი თქვენთან ერთად და მეთქვა - გავერთიანდეთ საქართველოსთვის”, -თქვა გახარიამ.