ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა არჩევნებში მმართველი გუნდის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს და იმედგაცრუებისთვის ამერიკელებს ბოდიშს უხდის.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ პროგრესს განვიცდიდით, თუმცა, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრმა ამერიკელმა ეს ვერ იგრძნო. როგორც პრეზიდენტი მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. სავსებით მესმის ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებმაც მხარდაჭერა "რესპუბლიკელებს" გამოუცხადეს. ასეთი ცვლილება დემოკრატების ეკონომიკური პროგრამიდან გამომდინარეობს. ეკონომიკური რეფორმის შედეგები და ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპი ამერიკელებისთვის იმედგაცრუების საფუძველი გახდა, რამაც რესპუბლიკელებისადმი კეთილგანწყობით იმოქმედა. ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი იმედები ვერ გავამართლე", - განაცხადა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მან აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს მმართველი გუნდისთვის "წარუმატებელი" და "დამამცირებელი" უწოდა.
გარდა ამისა, მისი შეფასებით, არჩევნებმა შეერთებული შტატების ხელისუფლებას დაანახა, რომ "ერთპიროვნულად ვერცერთი პარტია ვერ შესძლებს იმის გადაწყვეტას, თუ საით წავიდეს".
"ჩვენ უნდა მოვძებნოთ საერთო ენა იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ რთული პრობლემების გადასაჭრელად", - დასძინა ობამამ და აღნიშნულ კონტექსტში "რესპუბლიკელებს" თანამშრომლობა შესთავაზა.
"ბედნიერი ვიქნები, თუ "რესპუბლიკელები" შემოგვთავაზებენ უკეთეს იდეებს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად. მე მათ აუცილებლად გავითვალისწინებ", - განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კონგრესისა და სენატის არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდა. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედით, კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში "რესპუბლიკელებმა" 60-ით მეტი მანდატი მოიპოვეს, სენატში კი უპირატესობა მმართველმა გუნდმა შეინარჩუნა.