მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრი აირჩიეს. ახლად არჩეული წევრები არიან: ბადრი შონია, თემურ გოგოხია, გოჩა აბუსერიძე და ლევან მიქაბერიძე.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო კონფერენციის მონაწილე 291-მა მოსამართლემ. კანდიდატებს კონფერენციის მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
გოჩა აბუსერიძის განცხადებით, მზად არის, ითანამშრომლოს ყველა სექტორის წარმომადგენელთან. ამასთან, საბჭოს ახლად არჩეული წევრები არ ეთანხმებიან აქციის მონაწილეთა შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, ისინი აირჩიეს მხოლოდ იმის გამო, რომ „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების მფარველობით სარგებლობენ“. საბჭოს ახალი წევრების თქმით, არჩევის პროცესი იყო გამჭვირვალე და კანდიდატები თავად მოსამართლეებმა დაასახელეს.
საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი შენგელიასა და ირაკლი ბონდარენკოს უფლებამოსილების ვადა 24 ივნისს ეწურება.
მანამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.
საბჭოს კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.