საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, ჯუდით გოფის განცხადებით, თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნა იმის გამოხატულებაა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთი საქართველოსთან ურთიერთობას.
"ჩვენი ახალი შენობის გახსნა აშკარა გამოხატულებაა იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანეთი საქართველოსთან ურთიერთობას. ჩემი საელჩო გააგრძელებს მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ კი კომერციული კავშირები", - აცხადებს ჯუდით გოფი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დღეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, პრინცი ედუარდი, უესექსის გრაფი ეწვევა, რომელიც კრწანისში, ბრიტანეთის საელჩოს ახალ შენობას კრწანისში ოფიციალურად გახსნის.
ვიზიტისას პრინცი ასევე საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა, ის გაეცნობა ბპ-ის საქმიანობას საქართველოში, ასევე ევრო-კავშირის მონიტორინგის მისიისა და ბრიტანეთის საბჭოს მოღვაწეობას.