დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი ვაზიანის სამხედრო ბაზას მოინახულებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე უკრაინის თავდაცვის მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. მიხაილ ეჟელი ტარას შევჩენკოს მონუმენტსაც ეწვევა და უკრაინელი პოეტის ხსოვნას პატივს მიაგებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან დუჩიძესთან.
მიხაილ ეჟელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა. იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2011 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაც შეათანხმეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი საქართველოს დღეს დატოვებს.