დღეს, 4 ნოემბერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოთექი ბათუმში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აჭარაში ირანის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩადის.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 3 ნოემბერს ჩამოვიდა.
"ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ორი მთავარი საკითხის გამო ვიმყოფები. პირველი _ ეს არის უვიზო რეჟიმის დამყარება საქართველოსთან, რასაც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს; ამასთან უფრო ინტენსიური გახდება ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და ირანელი ინვესტორები სხვადასხვა პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე ჩვენს ბიზნესმენებს ვუბიძგებთ, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ", _ აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტის ის არის რომ 4 ნოემბერს, ბათუმში ირანის გენერალური საკონსულო გაიხსნება. მისი თქმით, საქართველოში საკონსულო 1883-1927 წლებში არსებობდა, რის შემდეგაც დაიხურა და 70 წლის შემდეგ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებით გენერალური საკონსულო კვლავ იხსნება.