ახმეტის რაიონის სოფელ ხევისჭალას მოსახლეობა დახმარებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. ხევისჭალა 20 წელია უშუქოდ არის დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზაც უკიდურესად დაზიანებულია და წვიმების დროს სოფელი გარესამყაროს წყდება ხოლმე.
„ახმეტის გამგეობაში არაერთხელ ჩავედით, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან პეტრე ცისკარიშვილთანაც ვითხოვეთ შეხვედრა, მაგრამ არ შეგვხვდა. გზა აქ არ არის, შუქი აქ არ არის, გაზი აქ არ არის, საბავშვო ბაღი, სკოლა და ამბულატორია აქ არ არის, არც მაღაზია გვაქვს. გაუსაძლისი პირობების გამო 22 ოჯახიღა დავრჩით, ვისაც საშუალება ჰქონდა, აქედან წავიდნენ. ზოგი ახმეტაში გადავიდა და ქირით ცხოვრობს", - აღნიშნეს ხევისჭალის მაცხოვრებლებმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ეს საკითხი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ" უნდა მოაგვაროს, თუმცა მისივე თქმით, იმის გამო, რომ ხევისჭალაში სულ რამდენიმე ოჯახიღა ცხოვრობს, „კახეთის ენერგოდისტრიბუციისთვის" იქ ელექტროენერგიის მისაყვანად დიდი თანხების დახარჯვა პრიორიტეტული არ არის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ხევისჭალიდან ვიდეომასალას ხვალ შემოგთავაზებთ.