დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში, ღვინის მარანი, საიდანაც ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ მოხატული კარი ჩამოხსნეს, 1830-40 წლებშია აშენებული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, სოსო თევზაძის განცხადებით, ახალმა მეპატრონემ, რომელმაც მარანი სახლთან ერთად შეიძინა, შენობა 2 თვის წინ დაანგრია, კარი კი ჩამოხსნა და წაიღო.
"ამ დროისთვის ადგილზე სახლის ნანგრევები და რამდენიმე ქვევრია შემორჩენილი", - აღნიშნა ოზაანის გამგებელმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკო ფიროსმანის მიერ მოხატული კარი 17 000 დოლარად იყიდება. მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: "წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით". წარწერა მწვანე საღებავითაა შესრულებული.