კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანის მიერ, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში, პარმენ ოზაშვილის მარანში მოხატული კარი, 17 000 დოლარად იყიდება.
მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით". წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ოზაანის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, რამდენიმე თვის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი კერძო პირმა 7 000 აშშ დოლარად იყიდა, სახლი დაშალა და ნივთებს ყიდის.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ფიროსმანის მიერ მოხატული მარნის კარი იყიდება.
„ადრე, როცა მარნის კარის შესაძლო ავტორად ფიროსმანი სახლდებოდა, სახლის მესაკუთრემ პარმენ ოზაშვილმა არც მისი გაყიდვა და არც მუზეუმისთვის გადაცემა არ ისურვა. ამჯერად კი მუზეუმს ექსპონატის შესაძენად ფული არ აქვს", - აღნიშნავს მაძღარაშვილი.