საქართველო უახლოეს ხანში დაიწყებს მოლაპარაკებას "ნოვავაქსის" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"კოვაქსის" პლატფორმიდან მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება "ნოვავაქსის" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, "ფაიზერის" დოზების თემაზე რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში.
მიმდინარეობს მუშაობა "სინოფარმის" დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო "ნოვავაქსის" და "მოდერნას" ვაქცინების მობილიზებაზე. საბჭოს წევრებმა ყველა დეტალი გაიარეს როგორც საჭიროებების, ისე ფინანსური ხარჯეფექტურობის კუთხით და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა ვაქცინების მოწოდება წლის ბოლომდე შესრულდეს უმოკლეს ვადაში და ის დოზები, რაც გვჭირდება, მივიღოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.