ევროკომისიამ ვაქცინის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან, მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის ვაქცინების მოწოდებაზე, კონტრაქტი აღარ განაახლა.
ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისრის ტიერი ბრეტონის თქმით, კომპანია AstraZeneca-მ თავისი ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა.
მისივე თქმით, AstraZeneca-მ ვაქცინის მიწოდების პროცესში უპირატესობა დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს მიანიჭა.
ბრეტონის თქმით, კონტრაქტის არგანახლება დაკავშირებული არ არის ვაქცინის ხარისხთან და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ AstraZeneca-ს პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტურია.
გასულ თვეში ევროკავშირმა ვაქცინების მომარაგების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო.
ამასთან, ევროკომისიამ Pfizer-თან ვაქცინის 1.8 მილიარდი დოზის მიწოდების კონტრაქტი დაამტკიცა.