7 მაისს სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2020 წლის პერიოდს მოიცავს და თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ ძირითად დაბრკოლებებს მიმოიხილავს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ ადამიანები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ.
ანგარიშში ასევე შეფასებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტ - შემთხვევების 18%-ში განმცხადებლები სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებდნენ, 12% და 9% შემთხვევაში - განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო, შესაბამისად, რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს კი განცხადებების 6-6% შეეხებოდა. ამასთანავე, 9%-ს შეადგენდა მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის, 6%-ს კი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო უთანასწორო მოპყრობასთან დკავშირებით. ასაკის და ეროვნების/მოქალაქეობის გამო დისკრიმინაციაზე მიუთითებდა 7% და 8%, შესაბამისად. 2020 წელს წარმოებაში მიღებული განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი - 20% ამჯერადაც სხვა ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს ეხებოდა.
2020 წლის განმავლობაში თანასწორობის საკითხებზე სახალხო დამცველმა 21 რეკომენდაცია, 9 ზოგადი წინადადება და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.