ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სექტორული ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და ამაში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლების ჩართვაც მოხდება. ამასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოყოფილია 4 ოთახი პოლიციელების ვაქცინაციისთვის.
ჯართან მიმართებაში კი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და გორის სამხედრო ჰოსპიტალი ამ პროცესს საკმაოდ წარმატებით ახორციელებს.
"მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კომპონენტში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, მედიაკომპანიებისგან გამოთხოვილი იქნება სიები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.