ქართული მხარე ბოლივუდს ფილმის საქართველოში გადაღებას სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერის ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა ინდოეთში ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს.
"ქართული დელეგაციის მცირე ნაწილი, რომელსაც ვერა ქობალია ხელმძღვანელობდა, ინდოეთში ვიზიტისას შევხვდით ცნობილ ინდოელ მსახიობს ამირ ხანს და მას ბოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღება შევთავაზეთ. როცა ბოლივუდი ამა თუ იმ ქვეყანაში ფილმის გადაღებას წყვეტს, ფილმის გამოსვლის შემდეგ, იმ ქვეყნის მიმართ ტურისტების ინტერესი იზრდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკო მჭედლიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
მისივე განმარტებით ქართული მხარის აღნიშნულ წინადადებას ამირ ხანი დადებითად შეხვდა და განაცხადა, რომ "ამ წინადადებაზე თავადაც იფიქრებს და კოლეგებსაც შესთავაზებს".