"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას რუსეთთან ნეიტრალური ურთიერთობა სულაც არ აქვს.
"არ ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით ნეიტრალურია. მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ჯანსაღი ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე რუსეთს გამოადგება. ამავდროულად, რა თქმა უნდა, საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე", - აცხადებს ბურჯანაძე ავსტრიულ გამოცემა "DER STANDART"-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2008 წლის აგვისტოს ომზეც საუბრობს და მის დაწყებაში კვლავ საქართველოს პრეზიდენტსა და ყოფილ თანაგუნდელ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
"მე მტკიცედ მწამს, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც ომი გააჩაღა. სამწუხაროდ მის გარემოცვაში ისეთი ხალხი იყო, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ერთ ღამეში ომს მოიგებდნენ. მე ვესაუბრე სააკაშვილს ამის თაობაზე 3 აგვისტოს, ომამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ მან არ მომისმინა", - განმარტავს ბურჯანაძე.