მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა განკარგულებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ და განსაზღვრა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ამის შესახებ მან ოთხშაბათს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე განკარგულებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 11 ივლისს. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიცილოთ ეს კორუმპირებული პარლამენტი, რომლის დეპუტატები ჩაბმულები არიან ჩრდილოვან სქემებში და ზარცვავენ მოქალაქეებს. ახლა არჩევანი თქვენზეა, ძვირფასო თანამოქალაქეებო. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ახალი პარლამენტი, ჩამოვაყალიბოთ კომპეტენტური მთავრობა, დავუბრუნოთ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობას", - განაცხადა მაია სანდუმ, მოლდოვის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა.
მაია სანდუმ მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უზრუნველყოს ყველა პირობა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
პარლამენტის დათხოვნის წინააღმდეგ, აქტიურად გამოდიოდნენ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, დოდონის თანაპარტიელი პარლამენტარები. პარლამენტის დათხოვნის თავიდან ასაცილებად მათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საგანგებო მდგომარეობის დროს კი, მოლდოვის კანონმდებლობით დაუშვებელია პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
პარლამენტარების ეს "ტრიუკი" მაია სანდუმ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საგანგებო რეჟიმი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კი გზა გაუხსნა სანდუს, პარლამენტი დაეთხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.