რუსეთი არ აპირებს "დიდი შვიდეულის" ფორმატში შესვლას, "დიდი რვიანი" მოსკოვის მონაწილეობით არასდროს იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იქ არასდროს დავბრუნდებით. დიდი რვიანი აღარ იარსებებს, ეს გუშინდელი დღეა", - თქვა ლავროვმა და დასძინა, რომ დიდი შვიდეულის მონაწილეთა განცხადებები, რომ რუსეთის მოწვევას არ აპირებენ, მხოლოდ მათი მნიშვნელობის გაზრდას ემსახურება.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
წელს "დიდი შვიდეულის" სამიტი დიდ ბრიტანეთში, 11-13 ივნისს გაიმართება. სამიტი ბრიტანეთის სამხრეთით, კორნუელის საგრაფოში შეიკრიბება. ბრიტანეთმა წლევანდელი სამიტის თავმჯდომარეობა შეერთებული შტატებისგან გადმოიბარა.
დიდი შვიდეული არის შვიდი ქვეყნის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობას ევროკავშირი 1977 წლიდან შეუერთდა.