საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, გიორგი რურუამ აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, ნიკა მელიაც სასწრაფოდ გათავისუფლდეს ციხიდან.
მან მადლობა გადაუხადა ელჩებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, მედიას, არასამათავრობო ორგანიზაციებს, ომბუდსმენის აპარატს და სხვებს.
"თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში - შაჰინს და რიშს, ასევე კუბილიუსს, ანა ფოტიგას, გრეგოროვას და სხვებს.
რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და, კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. მოგეხსენებათ, რომ 1.5 წელი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მგონი ყველასთვის ნათელია. ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, უნდა ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ.
მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა და მწამს. მინდა მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, ასევე, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს”, -განაცხადა გიორგი რურუამ.