საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოქალქეებს აფრთხილებს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში უკანონო ქმედების განხორცილების შემთხვევაში შესაძლოა მათი დახმარება ვეღარ შეძლოს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საქართველოს მთავრობის სახელით განცხადება გააკეთა.
"საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყველა მოქალქეს მკაცრად აფრთხილებს, რომ იყვნენ ფრთხილად, რადგან უკანონო და არალეგალური ქმედებები, რომელსაც ეს პირები ახორცილებენ, სახელმწიფოს, ქართულ დიპლომატიას, დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს, უფუჭებს საქართველოს რეპუტაციას. თანაც ეს ადამიანები მოქმედებენ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, არსებობს ძალიან საშიში სქემა, რომელიც გულისხმობს მარშუტზე ეგვიპტის გავლით ისრალში და თურქეთის გავლით საბერძნეთში უკანონოდ შესვლას.
"საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ორგანიზაციული ხასიათის დაჯგუფებებისგან აქვთ მცდარი ინფორმაცია, რომ ისრაელში და საბერძნეთში ადვილად ხელმისაწვდომია სამუშაო ადგილები და შეიძლება არალეგალური გზით მათი გადაყვანა მოხერხდეს. ეს მცდარი ინფორმაციაა", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, თუ მოახერხეს და ეგვიპტის უდაბნოში ცოცხლები გადარჩნენ, ეგვიპტელი მესაზღვრეები ადგილზე მკაცრად უსწორებიან. იგივე ხდება თურქეთის ტერიტორიიდან საბერძნეთში უკანონოდ გადამსველებზედაც.
"საქართველოს სახელმწიფომ გასული წლების განმავლობაში მოახერხა, რომ გარკვეული რეპუტაცია მოეხვეჭა და დაემკვიდრებინა თავი, როგორც სრულფასოვან და სანდომინ მოთამაშეს საერთაშორისო ასპარეზზე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დიპლომატიური რესურსი გამოვიყენოთ და ვიყოთ ანგარიშგასაწევი სახელმწიფო. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა, პირდაპირი გზით ვესაუბროთ სახელმწიფო ხელმძღვანელებს და ვთხოვოთ ჩვენი მოქალაქეების უკანონო ქმედებებზე თვალი დახუჭონ", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი განმარტებით, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ეს რესურსი ამოწურვადია და თუ საქართველოს მოქალაქეები არ დაიცავენ სხვა ქვეყნის კანონმდებლობას, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქების დაცვას ვეღარ შეძლებს.
"საქართველოს ხელისუფლება არ დაიშურებს არც ადამიანურ რესურსს და არც მატერიალურს, რომ ჩვენი მოქალაქეებს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, მაგრამ ამის გარანტიას ვერ ვიძლევით, რადგან რაც დრო გადის და მეტი უკანონო ფაქტი ფიქსირდება, უფრო გვიჭირს მოლაპარაკების წარმოება", - აღნიშნა კალანდაძემ