3 ნოემბერს, 13:00 საათზე, პროფესიული კავშირების ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის თემაა: მცირე მეწარმეობა, დასაქმება, მენაბრეების პრობლმების მოგვარება, სიღარიბის დაძლევა და ახალი საგადასახადო კოდექსი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
"ბოლო პერიოდში ბაზრობებზე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, რომელსაც ათობით მოვაჭრის დაკავება მოჰყვა, პროფკავშირები ხელისუფლებას თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ კონკრეტულ კანონპროექტებს სთავაზობს(რასაც მთლიანად იზიარებს დარგის პროფკავშირი) რომლითაც არ დაზრალდება სახელმწიფო და დაცული იქნება თითოეული მოვაჭრის უფლებები", _ აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირი და საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია ხელისუფლებას სთავაზობს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს კონკრეტული კანონპროექტების სახით, რომლებიც ახალ საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული არ არის.
"ამ კანონპროექტებით კი შესაძლებელია ფორსირებულად მოგვარდეს არაორგანიზებული გარევაჭრობის, ორგანიზებული ვაჭრობის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების, სამრეწველო მეწარმეებისა და მეანაბრეების ძირითადი პრობლემები. ეს იქნება უნიკალური ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც 2-3 წელიწადში ერთიან კომპლექსში ძირითადად მოაგვარებს მცირე მეწარმეების, დასაქმების, მეანაბრეების და სიღარიბის დაძლევის დღემდე მოუგვარებელ, ქართველი ხალხის საციცოხლოდ აუცილებელ ძირითად 4 პრობლემას", _ აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, დღეს მსოფლიო დასაქმების 90% მოდის მცირე და საშუალო მეწარმეობაზე. დასაქმების ამ ფანტასტიკურ პროცენტში კი დიდი წილი მოდის დასაქმების კატალიზატორად მიჩნეულ სამრეწველო მეწარმეობაზე, რადგან მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით სამრეწველო სფეროში 1 დასაქმებული არასამრეწველო სფეროებში (ვაჭრობა, მომსახურება, ტრანსპორტი, დაზღვევა, დაცვა, საშუამავლო საქმე და ა.შ.) დამატებით ავტომატურად ასაქმებს 3 კაცს.
"ახალი საგადასახადო კოდექსი არავითარ შეღავათს არ უწესებს არც მცირე და არც საშუალო მეწარმეს და პირიქით, აქციზების გაზრდით კიდევ უფრო ანადგურებს ჩვენს ისედაც განადგურებულ სამრეწველო მეწარმეობას. აქედან გამომდინარე, საქართველიოს ეს კოდექსი ეკონომიკური კრიზისიდან კი არ გამოიყვანს, პირიქით, უფრო ღრმად შეიყვანს. ჩვენი კანონპროექტები კი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე და საქართველოს თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ზაზა აგლაძე.