7-8 ნოემბერს ყვარელში ილიაობას აღნიშნავენ. ღონისძიება დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 173-ე წლისთავს ეძღვნება.
7 ნოემბერს ყვარელში სახალხო ზეიმი ილიას მონუმენტთან დაიწყება. შემდეგ ღონისძიება ყვარლის ციხე-გალავანში გადაინაცვლებს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ილიაობაზე თავისი ფაცხით იქნება წარმოდგენილი. ფაცხებში სამზარეულო და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. გაიმართება თექის მოთელვა და მატყლის ჩეჩა, ხინკლის მოხვევა და კახური თათარაობა.
ილიას სახლ-მუზეუმში ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეებისასდმი მიძღვნილი გამოფენა "ეროვნული მოძრაობა და ჭავჭავაძეები" გაიხსნება.
საღამოს ილიას სახლ-მუზეუმთან კონცერტს ქართული ესტრადის წარმომადგენლები ჩაატარებენ.
8 ნოემბერს მწერლის სახლ-მუზეუმში საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრა გაიმართება. ილიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა "ილია ბავშვების თვალით". ამ დღეს იგეგმება რეაბილიტირებული სპორტსკოლის გახსნაც.
ღონისძიების მოსაწყობად 10 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.