რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის კონკურსი ორი თვით გაგრძელდება.
კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი. მემორიალი გორში, სტალინის ძეგლის ადგილას უნდა დაიდგას.
კონკურსის კომისიის წევრები ექსპონატების სანახავად დღეს შეიკრიბნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებით, კონკურსის გამარჯვებული 2 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
"გორში, სტალინის ძეგლის ადგილას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საუკეთესო მემორიალი უნდა დაიდგეს. ამიტომ კომისიამ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, კონკურსი კიდევ 2 თვით გაგრძელდეს. ეს კონკურსანტებს შანსს მისცემს, დახვეწონ თავიანთი ნამუშევრები. ისეთი ძეგლი უნდა დავდგათ, რომელსაც სტალინის ძეგლივით კი არ აიღებენ, არამედ სულ იქნება გმირი მეომრების საპატივსაცემოდ", - განაცხადა რურუამ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ახლანდელ კონკურსანტებთან ერთად, სხვა ხელოვანებსაც ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში წარმოდგენილი იყო 41 ავტორის ესკიზი. მემორიალი, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად უნდა დაიდგას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულ ადამიანებს, მათ შორის ჰოლანდიელ ჟურნალისტს, სტენ სტორიმანს მიეძღვნება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.