სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ქვეყნებს, სადაც დეტალურად განმარტავს, თუ რატომ მოაწერა მან ხელი შეთანხმების დოკუმენტს.
რაც შეეხება სალომე სამადაშვილის მიერ პარტიის ოფიციალურად დატოვების საკითხს, ის წერს, რომ ჯერ ნიკა მელიას გათავისუფლებას დაელოდება, გადაწყვეტილებას კი, ამის შემდეგ მიიღებს.
"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწყვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს.
არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან - ანუ, შემოთავაზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს-პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.
მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მა მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი - მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მა ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ.
პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვავდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები - ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც.
არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც "დესტრუქციულ" ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე ცხადია აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით.
რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს - ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად,"- წერს სალომე სამადაშვილი.