ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე განაცხადა.
"იმ საბოლოო დოკუმენტიდან, რომელიც იყო მაგიდაზე უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, ჩვენთვის არ არის ორი პუნქტი იქიდან მისაღები, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ველოდებით ამ განახლებული პროცესის საბაზისო მოლაპარაკებების დოკუმენტს. ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების თემის შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში ასახვა. ვფიქრობ, ალბათ კორექტირებები უნდა შევიდეს იმ დოკუმენტში, რომელიც იყო წინა ჯერზე მოლაპარაკების საფუძველი, სამი პუნქტი ამ ხუთი პუნქტიდან შეიძლება, ითქვას შეთანხმებულია. შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით რაიმე განახლებული წინადადების განხილვა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.
ოდნავ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციას შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 16 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს.
ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, ვიდრე მასში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დაზუსტდება.