ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ხარჯები თბილისის მერიამ გაიღო. მსახიობის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა. მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია ("ლოსვეს ამბავი"), გიო ("ტარიელ გოლუა"), ოსიკო ხარებაძე ("შემოდგომის აზნაურები"), კუჩარა ("ყვარყვარე თუთაბერი"), ტოშეკი ("რა სიყვარული"), ჭინჭრაქა ("ჭინჭრაქა"), ბუთხუზა ("ძველი ყომარბაზები"), არისტო ქვაშავაძე ("სამანიშვილის დედინაცვალი"), გლეხი და ქმარი ("კავკასიური ცარცის წრე"), კეტსბი ("რიჩარდ III"), სკრუჯი ("შობის ღამის სიზმარი").
კარლო საკანდელიძის კინოდებიუტი 1955 წელს "მაგდანას ლურჯაში" შედგა, სადაც მსახიობმა ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის" კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო "დათა თუთაშხია", სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.
კარლო საკანდელიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 82 წლის ასაკში, 29 ოქტომბერს გარდაიცვალა.