ნატოსა და ევროკავშირში ლატვიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა.
იანის კარლსბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ მიიღო. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ლალიაშვილიც ესწრებოდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტსა და ექსპერტთა პოზიტიური შეფასებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.