რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულებზე ჩასვლას კვლავ აპირებს. ეს განცხადება დღეს მედვედევის თანაშემწემ კრემლში გააკეთა.
"დიმიტრი მედვედევმა შესაძლოა კვლავ განახორციელოს სამუშაო ვიზიტი კურილიის კუნძულებზე და კუნაშირის გარდა სხვა კუნძულებიც მოინახულოს", _ განაცხადა პრიხოდკომ.
მისივე თქმით, არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ პრეზიდენტი კიდევ უფრო კარგად გაეცნოს რუსეთის მთელი რეგიონის წინაშე მდგარ პრობლემებსა და ამოცანებს.
"რა თქმა უნდა, იგი შეიძლება გაემგზავროს კურილიის სხვა კუნძულებზეც", _ განაცხადა პრიხოდკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იაპონიის ხელისუფლებამ, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულების მონახულების გამო, პროტესტის ნიშნად მოსკოვიდან თავისი ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
მედვედევმა იაპონიის გაფრთხილებების მიუხედავად კურილიის კუნძულები 1 ნოემბერს მოინახულა.