მსახიობი ნინო კასრაძე ნინუცა მაყაშვილს სოლოდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა, ეს კონტექსტის ბრალია.
"ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა, ეს კონტექსტის ბრალია. ძალიან დიდი ნაწილი მას მხარში დაუდგა, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე... ზოგჯერ შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს ამაზე რომ ისაუბრო.
ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამაში ყველაშია და ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი და თუ ამას ვერ ხვდება, ვინც მას აკრიტიკებს... ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია, ასე უნდა შეაფასონ, სამართლებრივი შეფასება სხვა საკითხია..
მზარავს იმაზე ფიქრი, მე 18 წლის ქალიშვილი მყავს და ბიჭი 16 წლის და მე მზარავს იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რამე შეიძლება ჩემს შვილსაც გადახდეს, გოგოსაც და ბიჭსაც, და კიდევ უფრო მეტად ის მზარავს, რომ ჩემი შვილი შეიძლება იყოს მოძალადე", - თქვა ნინო კასრაძემ.
შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.
"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ", - თქვა მაყაშვილმა.
რუსთაველის თეატრი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".