რუსთაველის თეატრის მსახიობი, გრიგოლ ჟორდანია მის კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და გმობს ძალადობას.
"მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!!!", - წერს მსახიობი ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.
"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ", - თქვა მაყაშვილმა.
რუსთაველის თეატრი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".