"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ გადახედონ სატრანსპორტო მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისი განცხადებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივანი ზაზა გაბუნია წარსდგა.
გაბუნიას მტკიცებით, თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ხაზის შემცირების და შეზღუდვის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს დროსთან და ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ.
"კიდევ უფრო სამარცხვინო ხდება ხელისუფლების პოზიცია, როდესაც იგი ამ გადაწყვეტილების მოტივად ეკოლოგიურ დაბინძურებას და მგზავრთა რაოდენობის სიმცირეს ასახელებს, არადა, ჩვენი ფრაქციის სახელზე ამ დღეებში შემოვიდა ათობით განცხადება აღშფოთებული მოქალაქეებისა, რომელნიც ითხოვენ გადაწყვეტილების შეცვლას", - აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები საკრებულოში მას "მხოლოდ საკუთარი იმპერატიული სურვილების სისრულეში მოსაყვანად სჭირდება".
"სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ტრანსპორტით მომსახურების საკონკურსო წესების შემუშავების უფლება მერიამ საკრებულოს წაართვა და ეს უფლება იმპერატიულად გადულოცა საკუთარ თავს", - აღნიშნა გაბუნიამ.
დღევანდელ პრესკონფერენციას ვაშლიჯვრის და ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებნი ესწრებოდნენ, რომლებმაც ასევე გააპროტესტეს მერიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით თბილისში ავტობუსის 35 სამარშრუტო ხაზი გაუქმდა. როგორც მერია განმარტავს, სამარშრუტო ხაზების გაუქმება მოსახლეობის ნაკადის სიმცირემ გამოიწვია.
გაუქმებული მარშრუტებია: #5, 8, 13, 30, 32, 35, 52, 54, 57, 58, 63, 64, 67, 74, 76, 81, 83, 89, 93, 96, 97, 98, 100, 105, 111, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 123 და 125.
დამოკლდა და შემცირდა: #1, 2, 6, 11, 12, 16, 17, 25, 28, 34, 36, 39, 43, 44, 48, 50, 55, 56, 62, 70, 71, 72, 75, 79, 80, 85, 86, 87, 88, 90, 92, 94, 99, 102 და 107.