საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად შეხვედრა ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასთან გაიმართა. თეატრის წარმომადგენლებმა მინისტრს თეატრის სამომავლო გეგმებზე, უახლოეს დღეებში თეატრალური სეზონის გახსნასა და იმ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაც თეატრის წინაშე მწვავედ დგას.
თავის მხრივ თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას შესთავაზა, სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის - ახალგაზრდებისთვის კულტურასა და სპორტზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თოჯინების თეატრის ტურნეები დაიგეგმოს რეგიონებში.
თეატრის ხელმძღვანელობამ მინისტრის ინიციატივა გაიზიარა და აღინიშნა, რომ პანდემიის ფონზე, თეატრის ფუნქციონირებისთვის მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თოჯინების თეატრის მშენებარე შენობა დაათვალიერა და თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მათ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.