"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო იმსჯელებს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვის თაობაზე.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.