საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მალაიზიელი სამართალდამცველების მიერ ქართველების დაკავების გამო შეშფოთებულია.
მალაიზიაში, გასულ კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის პოზიცია მედიის წარმომადგენლებს დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდეს.
"ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. ამ საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია", - განმარტა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე გასულ კვირას, ნარკოტრანზიტის ბრალდებით დააკავა.