ვაშინგტონმა ანკარას აცნობა, რომ აშშ-ის ორი სამხედრო ხომალდი ბოსფორის სრუტის გავლით, შავ ზღვაში შევა. იტყობინება თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ".
"შეგვატყობინეს, რომ აშშ ორ სამხედრო გემს აგზავნის შავ ზღვაში. ეს შეტყობინება, წესების დაცვით, გემების შემოსვლამდე 15 დღით ადრე მიიღო", - ციტირებს მედია თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირს.
1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, შეერთებული შტატები ვალდებულია, ორი კვირით ადრე, აცნობოს თურქეთს, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შეყვანას გეგმავს.
მანამდე ტელეკომპანია CNN-ი იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავდა.
პენტაგონს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.