უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნის ფონზე, შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას გეგმავს. იტყობინება CNN-ი პენტაგონში მომუშავე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ზოგადად, შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდები რუტინულ ოპერირებას ახდენენ შავ ზღვაში, მაგრამ ასეთ ვითარებაში გემების გაგზავნა ძლიერი სიგნალი იქნება კრემლისთვის, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.
1936 წლის ხელშეკრულების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს, რომელიც შავ ზღვაში შესასვლელ სრუტეებს აკონტროლებს, 14 დღით ადრე უნდა აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ასეთი გზავნილი თურქეთისთვის მიწოდებული.
თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავები განაგრძობენ საჰაერო სივრცეში დაზვერვას შავი ზღვის სანაპიროზე, რათა გააკონტროლონ რუსეთის საზღვაო მოძრაობა და ყირიმში ჯარის ნებისმიერი გადაადგილება.
წყაროს განცხადებით, ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, თუ სიტუაცია შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის.