საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სწრაფად ლიკვიდაციის დავალებას იძლევა.
ამის შესახებ მედიას ინფორმაცია პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.
მისი განმარტებით, ქვეყნის პირველმა პირმა უკვე მოუწოდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის გუბერნატორებს ზაზა გოროზიასა და ლაშა მაქაცარიას, ასევე გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს, დათვალონ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მოახდინონ მისი აღწერა და დროული ლიკვიდაცია.
"შესაბამისი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განმარტა მანჯგალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ადამიანის გარდაცვალების გამოც გამოთქვა მწუხარება და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონები წყალდიდობამ დააზარალა.