გორის, ქარელისა და კასპის რაიონების ე.წ. ოკუპაციის საზღვრისპირა მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს შეშა და ფქვილი დაურიგდათ.
პრეზიდენტის დავალებით, სოციალური დახმარება რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ 20 სოფელში უკვე მიიტანეს.
"რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორსა და გარემოს დაცვის მინისტრს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთათვის სოციალური პრობლემების მოგვარება დაავალა. ამ მიმართულებით მუშაობა დღესაც მიმდინარეობს, თუმცა 5,500 ტონა ფქვილი და 10 000 კბ/მ შეშა უკვე დარიგდა გორის, ქარელისა და კასპის რაიონების იმ სოფლებში, რომლებიც ე.წ. ოკუპაციის ხაზთან მდებარეობენ", - განაცხადა პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სხვა სახის სოციალური პრობლემების მოგვარების მიმართულებითაც მუშაობს, მათ შორის მათი სასმელი წყლით უზრუნველყოფის კუთხითაც.
"ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ეს არ არის ის სოფლები, სადაც ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმია. მათ განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ამიტომაც მათ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ", - განმარტა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს შესაბამისი დავალება რამდენიმე კვირის წინ მისცა.