7 აპრილს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის.
აღნიშნულის შესახებ ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები სოციალური ქსელში წერენ.
"მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან. გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამასთან, გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ ვითარების დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე", - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.
"დღეს ვესაუბრე დავით ზალკალიანს და მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენს საზღვრებთან განხორციელებული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ. მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართვაში.