საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, გააფორმონ ერთობლივი ბირთვული გამოცდების შესახებ ხელშეკრულება. შესაბამის დოკუმენტს ქვეყნების ლიდერები ნიკოლა სარკოზი და დავიდ კამერონი ლონდონში გამართულ სამიტზე გააფორმებენ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს ბირთვული ქობინის განვითარების და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის ცენტრის გახსნას და მის გამოცდებს.
არსებული ინფორმაციით, ცენტრი ბრიტანეთში შეიქმნება, ხოლო გამოცდები საფრანგეთში განხორციელდება.
იგეგმება სხვა ხელშეკრულების გაფორმებაც, რომელიც ერთიანი, კომბინირებული საექსპედიციო სამხედრო ძალის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტში თითოეული მხარე 5000 ჯარისკაცს ჩართავს.
დაუნინგ სტრიტზე აღნიშნულ ხელშეკრულებებს პრაქტიკული უწოდეს და განმარტეს, რომ მსგავსი შეთანხმებების გაფორმება ორი ქვეყნის წინაშე არსებულმა გამოწვევებმა განაპირობეს.
ბრიტანეთის "ლეიბორისტულ პარტიაში" კი, ხელშეკრულების პირობებს ბუნდოვანი უწოდეს და განაცხადეს, რომ მისი გაფორმების შემთხვევაში ბრიტანეთის თავდაცვის სისტემის შესახებ "დიდი შეკითხვები" გაჩნდება.